სამუშაო შეხვედრა ნიცის სააპელაციო სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტთან, ფატმა კოსადიასთან
იურიდიული ფაკულტეტისა და ჟან მონეს ბრწყინვალების ცენტრის მოწვევით, გაეროს ბავშვთა ფონდისა და საფრანგეთის საელჩოს ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, 2025 წლის, 28 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია ნიცის სააპელაციო სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტი, ფატმა კოსადია.
დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, იესპერ მოლერი და საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ირინე ქურდაძე. ბატონმა იესპერ მოლერმა მადლობა გადაუხადა იურიდიულ ფაკულტეტსა და ჟან მონეს ბრწყინვალების ცენტრს ღონისძიების ორგანიზებისათვის, აღნიშნა რამდენად მნიშვნელოვანია მრგვალი მაგიდის სამეცნიერო დისკუსიები დარგის სპეციალისტებს შორის. მან ასევე მხარდაჭერა აღუთქვა ასეთი ტიპის შეხვედრების ჩატარებას მომავალშიც. პროფესორმა ქურდაძემ დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა ინფორმაცია ჟან მონეს ბრწყინვალების ცენტრის თაობაზე. მან აღნიშნა რომ ცენტრის მთავარი მიზანია ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების მცდელობების მხარდაჭერა. საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის გათვალისწინებით, ცენტრი ყურადღებას ამახვილებს შემდეგი სფეროების განვითარებაზე: 1) ადამიანის უფლებების მდგრადობა (თანასწორობა, მოწყვლადი ჯგუფების უფლებები), 2) ინფორმაციის მდგრადობა (ზუსტი ისტორიული კონტექსტი, დეზინფორმაციასთან ბრძოლა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საშუალებები), 3) სოციალური უსაფრთხოება (მიგრაცია: ემიგრაცია და იმიგრაცია). პროფ. ქურდაძემ აღნიშნა, რომ შეხვედრა ტარდება ცენტრის პირველი სფეროს ( 1) ადამიანის უფლებების მდგრადობა: თანასწორობა, მოწყვლადი ჯგუფების უფლებები ფარგლებში. ასევე მადლობა გადაუხადა UNICEF-ს იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც თსუ იღებს ამ ორგანიზაციისაგან და რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული აკადემიური აქტივობების გაღრმავებაში.
ქალბატონმა ფატმამ გამართა სამუშაო შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში თემაზე „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება ბავშვებისთვის“ აკადემიურ პერსონალთან და ახალგაზრდა მკვლევარებთან. შეხვედრაზე მომხსენებელმა აღნიშნა ბავშვის უფლებების დაცვის სისტემის მდგრადობისა და ბავშვების მართლმსაჯულების განვითარების აუცილებლობაზე და გაუზიარა აუდიტორიას საფრანგეთის გამოცდილება ამ სფეროში.
მრგავალი მაგიდის ფორმატში გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აკადემიურმა პერსონალმა, მოწვეულმა სტუმრებმა, ახალგაზრდა მკვლევარებმა და სტუდენტებმა.